აზოვის ბატალიონის მეთაურის მოადგილის, სვიატოსლავ პალამარის განცხადებით, აზოვსტალის ქარხანა დაიბომბა და თითქმის მთლიანად განადგურდა. მისი თქმით, ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან. ამის შესახებ პალამარიმ რადიო თავისუფლების უკრაინულ ბიუროს უთხრა.

"ჩვენ ვიბრძოლებთ, გამოვიყენებთ ყველა ვაზნას, რაც დაგვრჩა, მაგრამ მოვუწოდებთ მსოფლიოს გადაარჩინოს მშვიდობიანი მოსახლეობა, დაჭრილები და წაიღოს ცხედრები", — ამბობს ის.

მარიუპოლის საკრებულოს განცხადებით, მიწისქვეშა თავშესაფარში 1 000 მშვიდობიანი მოქალაქეა, ძირითადად ბავშვები, ქალები და მოხუცები. გამოცემა Meduza წერს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და დე ფაქტო დონეცკის რესპუბლიკა აზოვსტალის ქარხანაში მოქალაქეების ყოფნას უარყოფს.

დღეს, 19 აპრილს დე ფაქტო დონეცკის რესპუბლიკამ თქვა, რომ აზოვსტალზე შეტევა დაიწყეს. ისინი აღნიშნავენ, რომ შეიარაღებითა და არტილერიით რუსი საოკუპაციო ძალები ეხმარებიან.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "წმინდა ჰუმანური პრინციპების ხელმძღვანელობით" კიდევ ერთხელ სთავაზობენ მარიუპოლში მყოფ მებრძოლებს ცეცხლის შეწყვეტას. მათი მტკიცებით, არ მოკლავენ არავის, ვინც ტყვედ ჩაბარდება.

მხოლოდ აპრილში რუსეთის მხრიდან მარიუპოლის მცველებისთვის დანებების შესახებ ეს უკვე მესამე მოწოდებაა. ოკუპენტებმა იგივე გააჟღერეს 4 და 17 აპრილს, თუმცა ორივე შემთხვევაში მარიუპოლის სამხედროებმა უარის განუცხადეს და ქალაქის დაცვა გააგრძელეს.

დღეს მარიუპოლის მერის მრჩეველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ძალები აზოვსტალსა და მიმდებარედ დასახლებულ სექტორს უტევენ. მისი თქმით, ისინი ტერიტორიას ბომბავენ და იყენებენ მძიმე არტილერიას. როგორც პეტრ ანდრიუშჩენკო აცხადებს, რუსეთის ძალები მაიდენტიფიცირებელი თეთრი ლენტებით, მშვიდობიან მოსახლეობას სნაიპერების სატყუარად იყენებენ.

მარიუპოლი ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ალყაშია, ის ხშირად გახდა თავდასხმის ობიექტი, მათ შორის, მშვიდობიან მოსახლეობაზე. ოკუპანტები სწორედ მარიუპოლში თავს დაესხნენ სამშობიაროს და ბავშვთა საავადმყოფოს. მათ ასევე დაბომბეს თეატრი, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს. განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა.

იკრაინის მაღალი თანამდებობის პირები ამბობენ, რომ ქალაქი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამბობენ, რომ მარიუპოლი მოლაპარაკებების პროცესში, შესაძლოა წითელი ხაზი გახდეს.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში