პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) მიიჩნევს, რომ კანონი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის იარაღად გამოიყენება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ქართული ოცნებიდან წამოსული დეპუტატებით დაკომპლექტებულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ, ხალხის ძალამ კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის მიზანიც მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციაა.

  • მათ სურთ, შეიქმნას "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი", სადაც დარეგისტრირდება ყველა არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
  • მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში — ქართველი დეპუტატების მსგავსად, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მის მიღებას მოქალაქეების ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის "უცხოური გავლენებისგან" დაცვის მოტივით ხსნიდა, საბოლოოდ, კი კრემლმა მედიების, ორგანიზაციებისა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენა.
  • გასულ წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეს რუსული კანონი ადამიანის უფლებებს არღვევს.

"უცხოური გავლენის აგენტებზე" კანონპროექტი გააკრიტიკა არაერთმა ექსპერტმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ.

  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ეჭვქვეშ აყენებს ხალხის ძალის მიერ წარდგენილი პროექტის თავსებადობას დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან.
  • ომბუდსმენის აპარატშიც ამბობენ, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და შინა ეროვნული დაცვის სტანდარტებს და თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან შეუთავსებელია.
  • ხალხის ძალაში ცდილობენ დაამტკიცონ, თითქოს მათი პროექტი არა რუსული, არამედ უნგრული და ამერიკული კანონიდანაა აღებული, თუმცა ასე არ არის.
  • სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ ის არ არის აშშ-ში არსებული კანონის მსგავსი, რაც შეეხება უნგრულ კანონს OSCE/ODIHR, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ვენეციის კომისიამ და გაერომ ის უარყოფითად შეაფასა.
  • ამ განმარტებების, მოწოდებებისა და მიმართვების ფონზე, კანონპროექტზე გამიჯვნის ნაცვლად, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მას მხარს დაუჭერენ.

დეტალები: IPI-ში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი ავტორიტეტულ სახელმწიფოებში მოქმედებს, მაგალითად კი რუსეთი მოჰყავთ.

  • "IPI ღრმად შეშფოთებულია, რომ საქართველოს კანონმდებლები განიხილავენ შესაძლებლობას, რუსული ავტორიტარული სცენარის წიგნიდან ამოიღონ ერთი გვერდი "უცხოეთის აგენტებზე" კანონმდებლობის შემოღებით. პუტინის კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ იყო კრემლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღი რუსეთში პრესის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების ჩასახშობად, სხვა უფლებებთან ერთად.
  • ასეთ კანონმდებლობას აბსოლუტურად არაფერი ესაქმება ქვეყანაში, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და რომელიც იცავს დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს", — განაცხადა IPI-ის დირექტორის მოადგილემ, სკოტ გრიფენმა.
  • პრესის საერთაშორისო ინსტიტუტში, ასევე, ამბობენ, რომ კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქართული საზოგადოებას და ქვეყნის უსაფრთხოებას, სახელმწიფოს კი აძლევს მძლავრ ინსტრუმენტს განსხვავებული ხმების, მათ შორის, ჟურნალისტების დასაშინებლად.