კომიტეტების სხდომა, რომელიც აქციების ფონზე მიმდინარეობდა, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ქართული ოცნებიდან წამოსული დეპუტატებით დაკომპლექტებულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ, ხალხის ძალამ კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის მიზანიც მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციაა.

  • მათ სურთ, შეიქმნას "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი", სადაც დარეგისტრირდება ყველა არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
  • მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში — ქართველი დეპუტატების მსგავსად, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მის მიღებას მოქალაქეების ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის "უცხოური გავლენებისგან" დაცვის მოტივით ხსნიდა, საბოლოოდ, კი კრემლმა მედიების, ორგანიზაციებისა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენა.
  • გასულ წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეს რუსული კანონი ადამიანის უფლებებს არღვევს.

"უცხოური გავლენის აგენტებზე" კანონპროექტი გააკრიტიკა არაერთმა ექსპერტმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ.

  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ეჭვქვეშ აყენებს ხალხის ძალის მიერ წარდგენილი პროექტის თავსებადობას დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან.
  • ომბუდსმენის აპარატშიც ამბობენ, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და შინა ეროვნული დაცვის სტანდარტებს და თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან შეუთავსებელია.
  • ხალხის ძალაში ცდილობენ დაამტკიცონ, თითქოს მათი პროექტი არა რუსული, არამედ უნგრული და ამერიკული კანონიდანაა აღებული, თუმცა ასე არ არის.
  • სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ ის არ არის აშშ-ში არსებული კანონის მსგავსი, რაც შეეხება უნგრულ კანონს OSCE/ODIHR, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ვენეციის კომისიამ და გაერომ ის უარყოფითად შეაფასა.
  • ამ განმარტებების, მოწოდებებისა და მიმართვების ფონზე, კანონპროექტზე გამიჯვნის ნაცვლად, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მას მხარს დაუჭერენ.

დეტალები: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, კომიტეტები კანონპროექტებს მხარს უჭერენ პრინციპების დონეზე, ვენეციის კომისიის შეფასების შემდეგ კი შინაარსობრივი განხილვა დაიწყება.

  • "დასკვნაში შევიტანოთ, რომ კომიტეტი მხარს უჭერს გამჭვირვალობისა და ანგარიშგების პრინციპს და ამაზე მგონი, თავდაცვის კომიტეტიც შემოგვიერთდება და ასევე, შევიტანოთ დასკვნაში, რომ იმ ტერმინებთან დაკავშირებით, რომლებიც არის მოცემული კანონპროექტში, ამ ტერმინებს სჭირდება გადახედვა და შემდგომი დისკუსია. შესაბამისად, ამ პირობით ჩვენ გადავცეთ ეს საკითხი წამყვან, იურიდიულ კომიტეტს", — თქვა მან.