თავისი პოზიცია იმედის კვირის ჟურნალისტმა ფეისბუქგვერდზე დაპოსტა.

დეტალები: სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელეკომპანიის წარმომადგენელი რუსულ კანონზე და მათ ინიციატორებზე წერს.

  • "კანონპროექტების შინაარსში რომ არ შევიდეთ, რაც ევროკავშირის წევრობის განაცხადი გააკეთა ქვეყანამ, რეკომენდაციებს ვასრულებთ, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანაა და დღეს, ამდენი წლის შემდეგ ახალ ინიციატივაზე შეშფოთებას რომ გამოხატავენ ევროკავშირში, შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებებისთვის, ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთანო, როგორ არაა გასათვალისწინებელი?.." — წერს ფარცხალაძე.
  • "ამერიკა რომ გეუბნება, ღრმად გვაშფოთებს მისი შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოშიო და უამრავი ის ადამიანიც რომ გამოხატავს შეშფოთებას ქვეყნის შიგნით, რომელსაც კანონი პირდაპირ არ ეხება, არასამთავრობო სექტორს არ წარმოადგენს (იმასაც ვერაფრით იტყვი ამ ხალხზე, არ წაუკითხავს, ისე საუბრობსო ან წაკითხულის გააზრება უჭირსო), ასეთი ვნებათაღელვა რომ მოყვა და იზოლაციაში რომ დარჩა ხელისუფლება, როგორ არ წონის ეს ყველაფერი ინიციატორთა მიზანს, რაც არ უნდა კეთილშობილური ინტერესი ჰქონდეთ?.." — აცხადებს ის.
  • დასასრულს კი ჟურნალისტი ამბბოს, რომ არგუმენტი ვერ იქნება, "ევროპა მიშას გათავისუფლებასაც გვთხოვს და გავათავისუფლოთ?" და ვერც "არ უნდა ვიცოდეთ, რაღაც მოძრაობები საიდან მოდის?".

რატომ არის მნიშვნელოვანი: ქართული ოცნებიდან წამოსული დეპუტატებით დაკომპლექტებულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ, ხალხის ძალამ კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის მიზანიც მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციაა.

  • მათ სურთ, შეიქმნას "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი", სადაც დარეგისტრირდება ყველა არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
  • მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში — ქართველი დეპუტატების მსგავსად, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მის მიღებას მოქალაქეების ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის "უცხოური გავლენებისგან" დაცვის მოტივით ხსნიდა, საბოლოოდ, კი კრემლმა მედიების, ორგანიზაციებისა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენა.
  • გასულ წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეს რუსული კანონი ადამიანის უფლებებს არღვევს.

კანონპროექტი გააკრიტიკა არაერთმა ექსპერტმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ.

  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ეჭვქვეშ აყენებს ხალხის ძალის მიერ წარდგენილი პროექტის თავსებადობას დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან.
  • ომბუდსმენის აპარატშიც ამბობენ, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და შინა ეროვნული დაცვის სტანდარტებს და თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან შეუთავსებელია.
  • ხალხის ძალაში ცდილობენ დაამტკიცონ, თითქოს მათი პროექტი არა რუსული, არამედ უნგრული და ამერიკული კანონიდანაა აღებული, თუმცა ასე არ არის.
  • სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ ის არ არის აშშ-ში არსებული კანონის მსგავსი, რაც შეეხება უნგრულ კანონს OSCE/ODIHR, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ვენეციის კომისიამ და გაერომ ის უარყოფითად შეაფასა.
  • ამ განმარტებების, მოწოდებებისა და მიმართვების ფონზე, კანონპროექტზე გამიჯვნის ნაცვლად, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მას მხარს დაუჭერენ.