ქართული ოცნების მაჟორიტარ დეპუტატს, ნინო წილოსანს, რომელიც მმართველმა გუნდმა გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ წარადგინა, მიაჩნია, რომ ეს დაწინაურება არაა. ნინო წილოსანი ერთ-ერთ ის მაჟორიტარი დეპუტატია, რომელმაც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონროექტს მხარი არ დაუჭირა.

"ვინც თვლის, რომ ეს დაწინაურებაა, მათთვის ნებისმიერი თანამდებობა არის მშნივნელოვანი. ჩემთვის ეს დაწინაურება არაა. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რასაც დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდები", — განაცხადა დეპუტატმა.

ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ჩამგდები სამი დეპუტატი დააწინაურა. ხუთ კომიტეტში სამი სწორედ ამ კანონპროექტის ჩამგდები დეპუტატია.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თანამდებობაზე წარადგინეს გურამ მაჭარაშვილი, რომელმაც მხარი არ დაუჭირა პროპორციულ სისტემას. ევროინტეგრაციის კომიტეტში წარადგინეს დავით სონღულაშვილი, რომელიც, ასევე, მაჟორიტარული სისტემის მომხრეა და მისივე თანამოაზრე, ნინო წილოსანი გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ხდება.

დღეს, 26 ნოემბერს, გამთენიისას პარლამენტთან შეკრებილი აქტივისტები ისევ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 26 ნოემბერს აქციის დაშლისას 28 პირი დააკავეს. მათივე თქმით, სამმა პირმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

გასული 12 საათის განმავლობაში პოლიცია აქციის მონაწილეებს ხელს უშლიდა და ართმევდა შეშას და რკინის კასრებს, რომლითაც მათ ღამით გათბობა სურდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ვერსიით, ეს იყო კანონის მოთხოვნების შესრულება. ამ შეზღუდვას გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. მან განმარტა, რომ მსგავსი შეზღუდვა კანონიერი არაა.

პარლამენტის შენობასთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილია. შენობის სამივე შესასვლელთან მობილიზებულია პოლიცია. ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, სადაც პარლამენტის გვერდითა შესასვლელები გზა ყვითელი ავტობუსებითაა ჩახერგილი.

შენობაში ამ დროისთვის მხოლოდ თანამშრომლებს, დეპუტატებსა და პარლამენტის აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტებს უშვებენ. 12 საათზე ჩანიშნულ პლენარულ სხდომაზე დასასწრებად პირველი ვიცე-სპიკერი და რამდენიმე დეპუტატი პარლამენტში უკვე მივიდა.

ბოლო დღეების მოვლენები

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებს ბოქლომებს ადებენ. პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად უკვე "დააბოქლომეს" პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მთავრობის კანცელარია. ასევე, ისინი ბოქლომს ადებენ მაჟორიტარი დეპუტატების ოლქებს.

ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჭიშკარზე ბოქლომი ჩამოკიდეს. გარდა ამისა, ბოქლომები დაადეს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძისა და დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის ბიუროს ოფისებს. "დაბოქლომებულია" ასევე მთავრობის კანცელარია, პროკურატურა და პრეზიდენტის რეზიდენცია.