უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით ლუგანსკში საბავშვო ბაღის დაბომბვა დიდი პროვოკაციაა. მისი თქმით, აუცილებელია, რომ დიპლომატები უკრაინაში დარჩნენ, რადგან მათი საქმიანობა დამატებითი შემაკავებელი ფაქტორია. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

"ლუგანსკის ოლქში პრორუსული ძალების მიერ საბავშვო ბაღის დაბომბვა დიდი პროვოკაციაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეუთო და დიპლომატები უკრაინაში დარჩნენ, მათი სადამკვირვებლო საქმიანობა დამატებითი შემაკავებელი ფაქტორია. ცეცხლის შეწყვეტის ყველა დარღვევის აღრიცხვისთვის ეფექტური მექანიზმები გვჭირდება", — წერს ის.

ოკუპანტებმა დონბასიდან ლუგანსკის ოლქის ერთ-ერთ დასახლებას ცეცხლი გაუხსნეს, ჭურვი კი საბავშვო ბაღს მოხვდა. ამაზე ინფორმაციას უკრაინის გაერთიანებული ძალების საოპერაციო შტაბი ავრცელებს. მათი ცნობით, სოფელი და მიმდებარე დასახლებები ნაწილობრივ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

რუსეთის მტკიცების პარალელურად, რომ უკრაინის საზღვრის სიახლოვიდან რუსული ჯარები გაჰყავთ, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ ბოლო დღეებში უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების რიცხვი 7 000-ით გაიზარდა. უკრაინის პრეზიდენტიც, ვოლოდიმირ ზელენსკიც უარყოფს, რომ რუსეთის ჯარები გადიან. მისი თქმით, ამას რეალურად ვერ ხედავენ და მხოლოდ ესმით მის შესახებ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსულ სამხედრო ძალებს უკრაინის საზღვარი არ დაუტოვებიათ. მისი თქმით, რუსეთის ქმედებები და განცხადებები ერთმანეთისგან განსხვავდება.

პენტაგონის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვართან და ბელარუსის ტერიტორიაზე დამატებითი სამხედრო ძალები განათავსა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, რუსეთმა ომსა და დიპლომატიას შორის არჩევანი უნდა გააკეთოს. მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უპრეცედენტო სამხედრო ესკალაცია ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.