აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვარაუდობს, რომ რუსეთი უკრაინაში უახლოეს დღეებში შეიჭრება. მისი თქმით, ამის ალბათობა "ძალიან მაღალია". ინფორმაციას CNN ავრცელებს.

"[ალბათობა] ძალიან მაღალია, რადგან სამხედროები ჯერ არ გამოუყვანიათ. პირველ რიგში, ჯარისკაცები დაამატეს, მეორე — ჩვენ გვაქვს მიზეზი ვიფიქროთ, რომ ისინი ჩართულები არიან ცრუ დროშის ოპერაციაში, რათა შესასვლელად მიზეზი ჰქონდეთ. ყველა ნიშანი, რაც გვაქვს, არის ის, რომ ისინი მზად არიან შევიდნენ უკრაინაში, თავს დაესხან უკრაინას", — თქვა მან.

ოკუპანტებმა დონბასიდან ლუგანსკის ოლქის ერთ-ერთ დასახლებას ცეცხლი გაუხსნეს, ჭურვი კი საბავშვო ბაღს მოხვდა. ამას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ "დიდი პროვოკაცია" უწოდა და ხაზი გაუსვა უკრაინაში დიპლომატების დარჩენის აუცილებლობას.

რუსეთის მტკიცების პარალელურად, რომ უკრაინის საზღვრის სიახლოვიდან რუსული ჯარები გაჰყავთ, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ ბოლო დღეებში უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების რიცხვი 7 000-ით გაიზარდა. ზელენსკიც უარყოფს, რომ რუსეთის ჯარები გადიან. მისი თქმით, ამას რეალურად ვერ ხედავენ და მხოლოდ ესმით მის შესახებ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსულ სამხედრო ძალებს უკრაინის საზღვარი არ დაუტოვებიათ. მისი თქმით, რუსეთის ქმედებები და განცხადებები ერთმანეთისგან განსხვავდება.

პენტაგონის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვართან და ბელარუსის ტერიტორიაზე დამატებითი სამხედრო ძალები განათავსა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, რუსეთმა ომსა და დიპლომატიას შორის არჩევანი უნდა გააკეთოს. მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უპრეცედენტო სამხედრო ესკალაცია ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.